Sxamiani sokoebi - wiTeli Sxamasoko
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Агариковые |
Семейство: | Аманитовые |
Род: | Мухомор |
Подрод: | Amanita |
Вид: | Мухомор красный |
Международное научное название: | Amanita muscaria |
წითელი შხამასოკო - (ინგ. Amanita muscaria) (რუს. Мухомор красный)
სინონიმი: ცადამაყვანა.
წითლი შხამასოკო (Amanita muscaria), რომელიც ასევე ცნობილია ცადამაყვანას სახელით, ერთ-ერთი ფსიქოაქტიური ბაზიდიუმიანი სოკოა ამანიტას გვარიდან. თავდაპირველად, ის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტაიგურ ტყეებში იზრდებოდა, მაგრამ შემდეგ სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებშიც შეიტანეს ფიჭვის და არყის ხეებთან ერთად. დღეისათვის შხამასოკო მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და ერწყმის სხვადასხვა ფოთოლმცვივან და წიწვოვან ხეს.
წითელი შხამასოკოს ვიზუალი იმდენად დასამახსოვრებელია, რომ ქუდიანი სოკოების ერთგვარ სიმბოლოდაც კი წარმოგვიდგება. მას წითელი ფერი, ფართო ფირფიტები და ქუდზე თეთრი ფიფქები აქვს. გამოყოფილია რამდენიმე ქვესახეობა, რომლებსაც სხვა ფერის ქუდები აქვთ: რეგალისი (regalis) (ხშირად ცალკე სახეობად არის მიჩნეული), მოყვითალო-ნარინჯისფერი ფლავივოლვატა (flavivolvata), გესოვი (guessowii), ფორმოზა (formosa) და მოვარდისფრო ფორმოზა. 2006-2008 წლებში გამოქვეყნებულმა გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს მკვეთრად გამოხატული კიდევ რამდენიმე შტო, რომლებიც ცალკე სახეობას წარმოადგენენ.
მიუხედავად შხამიანობისა, წითელი შხამასოკოთი მოწამლულ ადამიანთა გარდაცვალების ფაქტები ძალიან ცოტაა.
მოთუთქვის შედეგად მისი შხამიანობა მცირდება და ფსიქოაქტიური ნივთიერებები იშლება, რის შემდეგაც მას მიირთმევენ ნაწილებად ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. წითელი შხამასოკო მასში შემავალი ქიმიური ნაერთის, მუსკიმოლის დამსახურებით, ცნობილია თავისი ჰალუცინოგენური თვისებებით. ციმბირის ხალხებში მას იყენებდნენ, როგორც ინტოქსიკანტს (დამათრობელს) და ენთეოგენს და მათ კულტურაში ამ სოკოს რელიგიური დატვირთვაც კი გააჩნდა. არ არსებობს ერთიანი აზრი წითელი შხამასოკოს, როგორც ინტოქსიკანტის, გამოყენების შესახებ შუა აზიაში, ევრაზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სკანდინავიის ქვეყნებში.
ტაქსონომია და სახელწოდება
ნავარაუდებია, რომ წითელი შხამასოკოს ალტერნატიული სახელი, ცადამაყვანა (მწერების მახე fly agaric), სათავეს იღებს მისი, როგორც ინსექტიციდის, გამოყენების წესიდან. ეს პრაქტიკა გავრცელებული იყო ევროპის გერმანულ და სლავურენოვან ნაწილში, ასევე საფრანგეთსა და რუმინეთში. ალბერტუს მაგნუსმა თავის 1256 წლის ნაშრომში პირველად ახსენა, რომ სოკოს მწერების მახეს იმიტომ ეძახიან, რომ ის დაწინწკლულია რძით, რომელიც კლავს მწერებს.
მე-16 საუკუნის ფლამანდიელმა ბოტანიკოსმა, კაროლუს კლუსიუსმა, წითელი შხამასოკოს რძით დასველების პრაქტიკა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში აღწერა. “ტაქსონომიის მამად” წოდებულმა კარლ ლინეუსმა კი გვიამბო, რომ იგივე ტრადიცია შვედეთშიც არსებობდა, სადაც მას ბავშვობა ჰქონდა გატარებული. ამ საკთხზე ლინეუსი თავის 1753 წლის ნაშრომის (Species Plantarum) მეორე ტომში საუბრობს, და წითელ შხამასოკოს აგარიკუს მუსკარიუსად მოიხსენიებს. ლათინურ ენაზე “musca” მწერს ნიშნავს. სოკომ თავისი თანამედროვე სახელი 1783 წელს შეიძინა, როდესაც ის ამანიტების გვარს მიაკუთვნა ჟან-ბატისტ ლამარკმა, 1821 წელს კი “მიკოლოგიის მამად” წოდებულმა ელიას მაგნუს ფრიზმა ეს სახელი ოფიციალურად გამოიყენა. ბოტანისტების საერთო შეთანხმების მიხედვით, მიკოტების (სოკოსებრთა) ტაქსონომიის დაწყების ოფიციალურ თარიღად 1821 წელი ითვლებოდა და ამ პირობებში, წითელ შხამასოკოს, ფრიზის ნაშრომის თანახმად, ამანიტა მუსკარია დაერქვა, მაგრამ 1987 წელს ბოტანიკური ნომენკლატურის საერთაშორისო კოდექსმა სოკოთა წესები შეცვალა და ტაქსონომიის დაწყების ოფიციალურ თარიღად, ლინეუსის ნაშრომის გამოქვეყნების თარიღი, 1753 წლის 1 მაისი გამოაცხადა. ამგვარად, შხამასოკოსთვის სახელის მწოდებლებად ახლა ლინეუსი და ლამარკი ითვლებიან.
ინგლისელმა მიკოლოგმა, ჯონ რემსბოტომმა აღწერა, რომ წითელ შხამასოკოს მწერების თავიდან მოსაცილებლად ინგლისსა და შვედეთში იყენებდნენ. ფრამგმა მიკოლოგმა პიერ ბულარდმა თავის 1784 წლის ნაშრომში დაასაბუთა, რომ მისი მცდელობა, წითელი შხამასოკო ინსექტიციდად გამოეყენებიდა, უშედეგო აღმოჩნდა, ამიტომ შემოგვთავაზა ახალი ტერმინი ცრუ აგარიკუსი, ან ცრუ მახე. სოკოში შემავალი ქიმიური ნაერთი 1,3 დიოლინი მწერებს იზიდავს და არსებობს მოსაზრება, რომ მათრობელი თვისებების გამო მწერები თვითონ აძებენ წითელ შხამასოკოს. სახელი Fly agaricus-ის ალტერნატიული ახსნა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ სოკოთი მწამვლისას იწყება სიგიჟის ნიშნები, რაც, ძველი ცრურწმენების თანახმად, ადამიანის თავში ბუზების შეფრენით იყო გამოწვეული. ისტორიულად, ისეთი ეპითეტები, როგორებიცაა “გიჟი” ან “სულელი”, სხვა სოკოებთან, კერძოდ ნიყვთან (Amanita caesarea) მიმართებაშიც გამოიყენებოდა. შვეიცარიის ერთ-ერთ რეგიონში წითელ შხამასოკოს “ეშმაკის ქუდად” მოიხსენიებენ.
კლასიფიკაცია
წითელი შხამასოკო კლასიფიცირებულია ამანიტების ქვეგვარში არსებულ ამანიტას ხაზის გემატას სერიაში. ეს შტო მოიცავს ყველა ამანიტას, რომლებსაც ამილოიდური სპორები, ქუდზე ფიფქები ან მეჭეჭები და დანაწევრებული საყელო და ბოლქვისებული ფეხის ძირი აქვთ. ამ ჯგუფში შემავალი შხამასოკოს მონათესავე სოკოებია: თავჭედილა (A. pantherina), ყვითელი ბილწასოკო ( A. gemmata), ამანიტა ფარინოზა (A. farinosa) და ამანიტა ქსანტოცეფალა (A. xanthocephala). თანამედროვე ტაქსონომიაში წითელი შხამასოკოს და მისი მონათესავე სახეობების ამგვარი კლასიფიკაცია ფართო მორფოლოგიას და სპორამალოიდურობას ეყრდნობა. ამ ტიპის კლასიფიკაცია მიჩნეულია ბუნებრივად ახლახან ჩატარებული მოლეკულურ ფილოგენეტიკური კვლევის საფუძველზე.
წითელი შხამასოკო მორფოლოგიურად ძალიან კომპლექსურია. განასხვავებენ ამ სახეობის რამდენიმე ქვესახეობას. გერმანელმა მიკოლოგმა, როლფ ზინგერმა ტაქსონომიაში წითელი შხამასოკოს სამი ქვესახეობა გამოყო: ამანიტა მუსკარია მუსკარია (A. muscariassp. muscaria), ამანიტა მუსკარია ამერიკანა (A. Muscaria ssp. americana), და ამანიტა მუსკარია ფლავივოლვატა (A. muscaria ssp. flavivolvata). თანამედროვე სპეციალისტები წითელი შხამასოკოს შვიდამდე ქვესახეობას აღიარებენ.
ნიკოლოგ ჯოზეფ გემლისა და მისი კოლეგების მიერ 2006 წელს ჩატარებულმა მოლეკულურ ფილოგენეტიკურმა კვლევამ გამოავლინა ამ სახეობაში გაერთიანებული სამი შტო, რომელთაგან თითოეული უხეშად წარმოადგენდა სოკოს ევრაზიულ, ევრაზიის “სუბალპურ” და ჩრდილოეთ ამერიკის პოპულაციას. სამივე შტოს ნიმუშები ამოჩენილია აშშ-ს ალასკის შტატში, რაც საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ მათი დივერსიფიცირბა სწორედ ამ ადგილიდან მოხდა. კვლევამ აგრეთვე შეისწავლა სოკოს ამ სახეობის ოთხი ვარიაცია: ალბა, ფლავივოლატა, ფორმოზა და რეგალისი. ოთხივე ვარიაცია აღმოჩენილია როგორც ევრაზიულ, ისე ჩრდილოეთ ამერიკულ შტოში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ცალკე სუბსახეობები კი არა, პოლიმორფული ორგანიზმები არიან. გემლისა და მისი კოლეგების მიერ 2008 წელს განმეორებით ჩატარებულმა მოლეკულურ ფილოგენეტიკურმა კვლევამ დაადგინა, რომ ეს გენეტიკური ჯგუფები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან იმისათვის, რომ ისინი ცალკე სახეობებად მივიჩნიოთ. ასე რომ, დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი წითელი შხამასოკო (A. muscaria) სოკოთა რამდენიმე სახეობის კომპლექტია. ის ასევე მოიცავს, მინიმუმ სამ სხვა მჭიდროდ მონათესავე ტაქსას, რომელიც დღეს დამოუკიდებელ სახეობად ითვლება. ეს სახეობებია: ამანიტა ბრეკონი (A. breckonii) წყნარი ოკეანის სანაპიროდან, ამანიტა ჯიოიოსა A. ioiosa) ხმელთაშუა ზღვის აუზიდან და ამანიტა ჰეტეროქრომა (A. heterochroma) კუნძულ სარდინიადან. უკანასკნელი ორი სახეობა ევკალიპტებთან და ციტრუსებთან იქნა აღმოჩენილი. დაუდგენელია, რა ფორმით მოხდა მათი ამ ხეებთან შერწყმა, ადგილობრივად, თუ ავსტრალიიდან შემოტანით.
აღწერილობა
წითელი შხამასოკო დიდი, თვალსაჩინო სოკოა და როგორც წესი, ჯგუფურად იზრდება. ჯგუფში შემავალ სოკოებს ბაზიდიოკარპი განვითარების სხვადასხვა დონეზე შეიძლება ჰქონდეთ. სოკო მიწიდან კვერცხის მსგავსი ფორმით ამოდისდა მისი ქუდი პირამიდის ფორმის მოთეთრო-მოყვითალო მეჭეჭებითაა დაფარული. ეს თავდაპირველი ვუალისებრი მემბრანის ნარჩენებია, რომელიც მას ახალგაზრდობაში ფარავდა. თუკი წითელ შხამასოკოს ამ დროს გამვიკვლევთ, მას ვუალის ქვეშ კანის ყვითელი ფენა ექნება. ეს მის იდენტიფიკაციას აადვილებს. სოკოს ზრდასთან ერთად, გახეული ვუალისებრი მემბრანიდან წითელი ფერი იწყებს გამოჩენას და მეჭეჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება. მათი ზომა არ იცვლება, მაგრამ ქუდის ზომის მატებასთან ერთად უფრო პატარები ჩანან. ქუდის ფორმა გობურალურიდან ჰემისფერულისკენ, საბოლოოდ კი თეფშისებრისკენ იცვლება და ბრტყელდება. ზრდასრული სოკოს კაშკაშა წითელი ქუდი დიამეტრით 8-20 სმ-ია, თუმცა აღმოჩენილია უფრო დიდი ნიმუშებიც. ქუდის წითელი ფერი შესაძლოა წვიმის შემდეგ ან ასაკის მატებასთან ერთად გაფერმკთალდეს.
სოკოს ფირფიტები და სპორულ ფქვილი თეთრია. ოვალური ფორმის სპორები ზომით 9-13-დან 6.5-9 მიკრომეტრია და იოდთან კავშირის დროს არ ლურჯდებიან. ფეხი თეთრია, სიმაღლეში 5-20 სმ, სიგანეში კი 1-2 სმ. ფეხის ქსოვილი, სხვა დიდი ზომის სოკოების მსგავსად, ოდნავ მყიფე და ბოჭკოვანია. ფეხის ძირზე თავდაპირველი ვუალისებრი მემბრანის ნარჩენებია, რომლებიც 2-4 საყელოს რუშის ფორმითაა წარმოდგენილი. ქუდთან შესართავთან კიდევ ერთი საყელო მდებარეობს, რომელიც ასაკთან ერთად განიერი და მოდუნებული ხდება. წითელ შხამასოკოს, სუსტი მიწის სუნი გარდა, არ გააჩნია მკვეთრად დამახასიათებელი არომატი.
გამორჩეული გარეგნობის მიუხედავად, წითელი შხამასოკო სხვა წითელი და ყვითელი ფერის სოკოებში ეშლებათ. მაგალითად, არმილარია მილეაში (Armillaria cf.mellea) და საკვებად ვარგის მექსიკური სახეობის ამანიტა ბაზიში (Amanita basii), რომელიც ევროპულ ნიყვს წააგავს. ამერიკისა და კანადის მოწამვლის კონტროლის ცენტრებში დაადგინეს, რომ ეპითეტი ამარილ (რაც ესპანურად “ყვითელს” ნიშნავს) ხშირად გამოიყენება მექსიკაში არსებული ნიყვის მსგავსი სოკოების აღწერისას. თუმცა, ნიყვის გარჩევა ადვილია, თავისი ნარინჯიშფერი ქუდით, რომელზეც წითელი შხამასოკოსგან განსხვავებით თეთრი კოპლები არ აქვს. ნიყვის ფეხი და ფირფიტებიც მოყვითალოა და არა თეთრი. ნიყვის ძირი თეთრ პარკს წააგავს და დანაწევრებული არ არის. ავსტრალიაში, საზღვარგარეთიდან შეტანილი წითელი შხამასოკო, ადგილობრივ ამანიტა ქსანტოცეფალაში (Amanita xanthocephala) ერევათ, რომელიც ევკალიპტებთან სიმბიოზურად იზრდება. მას, წითელი შხამასოკოსგან განსხვავებით, თეთრი კოპლები და საყელო არ აქვს.
გავრცელების არეალი და ჰაბიტატი
წითელი შხამასოკო მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და ხარობს როგორც ფოთოლმცვივან, ისე წიწვოვან ტყეებში. მას შეხვდებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თბილ განედებზეც, მაგალითად, ხმელთაშუაზღვის და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში. მოლეკულური კვლევით დადგინდა, რომ ამ სოკოს წინაპრები ციმბირის რეგიონიდან იყვნენ და მოგვიანებით აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით გავრცელდნენ. სოკოს ზრდის პერიოდი სხვადახსვა კლიმატურ ზონებში სხვადასხვაა: ჩრდილოეთ ამერიკაში ის ზაფხულში და შემოდგომაზე ამოდის, წყნარი ოკეანის სანაპიროზე კი ადრეულ ზამთარში. ხშირად გვხვდება ისეთ ადგილებში, სადაც დედაბერა სოკო ამოდის და აქვს უნარი, შექმნას “ჯადოსნური წრე” (რკალი, რომელსაც ქმნიან სოკოები თავისი განლაგებით). სამხრეთ ნახევარსფეროზე წითელი შხამასოკოს გადატანა ფიჭვის ნერგებით მოხდა. დღეისათვის მას უკვე ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაშიც შეხვდებით, მათ შორის ბრაზილიის შტატებში, პარანაში და რიუ-გრანდი-დუ-სულში.
წითელი შხამასოკო ექტომიკორიზულია და სიმბიოზურ კავშირს ამყარებს არაერთი სახეობის ხესთან, მათ შორის ფიჭვთან, ნაძვთან, არყასთან და კედართან. ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში, ის სარეველა მცენარის ექვივალენტია სოკოების სამყაროდან და ერწყმის სამხრეთის წიფლებს. წითელი შხამასოკო ასევე მოდებულია ავტრალიის ტროპიკულ ტყეებში, სადაც ის შესაძლოა სოკოს ადგილობრივ სახეობებს დევნიდეს და აგრძელებს გავრცელებას ჩრდილოეთის მიმართულებით.ავსტრალიაში წითელი შხამასოკო ჯერჯერობით არ შეინიშნება ევკალიპტებთან, თუმცა არსებობს ცნობები მისი ევკალიპტებთან შერწყმის თაობაზე პორტუგალიაში.
შხამიანობა
წითელი შხამასოკოთი მოწამვლის შემთხვევები ფიქსირდება ბავშვებში და იმ უფროსებში, რომლებიც სოკოს ჰალუცინოგენის თვისებების გამო ჭამენ. ზოგჯერ იგი ფშუკურა სოკოში ეშლებათ, ვინაიდან ნორჩ შხამასოკოს წითელი ფერი ჯერ არ ეტყობა, ზოგჯერ კი თეთრი ფიფქები წვიმისგან გადაირეცხება და მხოლოდ წითელი ქუდით დარჩენილი შხამასოკო ნიყვს გავს. ამიტომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები შეცდომით ჭამენ შხამასოკოს და არა ჰალუცინოგენური გამოცდილებისთვის.
წითელი შხამასოკო შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელთაგან ერთ-ერთი, მუსკიმოლი, ცნობილია ფსიქოაქტიურობით. სოკოში შემავალი კიდევ ერთი ნივთიერება, იბოთენის მჟავა, მუსკიმოლის წინამორბედია და მისი 10-20% ორგანიზმში მოხვედრისას აგრეთვე გადაიქცევა მუსკიმოლად. ზრდასრული ადამიანისთვის საკმარისი დოზა 6 მგ მუსკიმოლი ან 30-60 მგ იბოთენის მჟავაა, რაც ერთი სოკოს ქუდში მოიპოვება. წითელ შხამასოკოში შემავალი ქიმიური ნაერთების რაოდენობა და პროპორციები რეგიონებისა და სეზონების მიხედვით განსხვავდება. ამბობენ, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში, სოკოებში იბონეთის მჟავის და მუსკიმოლის 10-ჯერ მეტი რაოდენობაა, ვიდრე შემოდგომის სოკოებში.
ადამიანისთვის სასიკვდილო დოზა 15 ქუდში შემავალი მუსკიმოლის და იბონეთის მჟავის ერთობლიობაა. ამ სოკოთი სიკვდილის ფაქტები ისტორიულ ჟურნალ-გაზეთებშია შემონახული, მაგრამ თანამედროვე სამედიცინო დახმარების არსებობის პირობებში, წითელი შხამასოკოთი გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათია. ძველ წიგნებში სოკო მოხსენიებულია “მომაკვდინებლად”, მაგრამ ეს გადაჭარბებული ნათქვამია და უფრო “შხამიანს” გულისხმობს. ჩრდილოეთ ამერიკის მიკოლოგიის ასოციაციის მტკიცებით, მე-20 საუკუნის განმავლობაში სოკოს ამ სახეობით მოწამვლით გამოწვეული სიკვდილი საერთოდ არ დაფიქსირებულა. სიკვდილიანობის უმეტეს შემთხვევებს (90% და მეტს) თეთრი, მომწვანო ან მოყვითალო შხამასოკოს (A. phalloides), ან ამანიტას სხვა თეთრი სახეობების, “გამანადგურებელი ანგელოზების” მეტსახელით ცნობილი სოკოების (destroying angels.) მიღება იწვევს.
წითელი შხამასოკოს შემადგენელი ნივთიერებები წყალში ხსნადია, ამიტომ მათი მოხარშვა და ნახარში წყლის გადაწურვა, ნაწილობრივ ახდენს სოკოს დეტოქსიფიკაციას. სოკოს გახმობა, პირიქით, მას უფრო შხამიანს ხდის, ვინაიდან ხელს უწყობს იბოთენის მჟავის მუსკიმოლად გარდაქმნას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დეტოქსიფიკაციის შემდეგ წითელი შხამასოკო საკვებად ვარგისია.
ფარმაკოლოგია
მუსკარინი, რომელიც 1869 წელს აღმოაჩინეს, დიდხანს მიიჩნეოდა წითელ შხამასოკოში შემავალ ჰალუცინოგენ, ფსიქოაქტიურ ნივთიერებად. მუსკარინი ერევა აცეტილქოლინის რეცეპტორებში და ააქტიურებს მათ გადამტან ნეირონებს. წითელ შხამასოკოში შემავალი მუსკარინი ზღვაში წვეთია იმ რაოდენობასთან, რასაც სხვა შხამიანი სოკოები შეიცავენ, მაგალითად, ინოციბი ერუბესენსი (Inocybe erubescens), კლიტოციბი დელბატა (C. dealbata) და კლიტოციბი რივულოსა (C.rivulosa). წითელ შხამასოკოში შემავალი მუსკარინის რაოდენობა ძალიან მცირეა იმისათვის, რომ ძლიერი მოწამვლა გამოიწვიოს.
შხამასოკოში შემავალი მთავარი ტოქსინებია მუსკიმოლი და იბოთენის მჟავა. მუსკიმოლი იბოთენის მჟავას დეკარბოქსილაციით (როგორც წესი, გახმობით) მიიღება. ორივე ნივთიერება მე-20 საუკუნის შუა წლებში აღმოაჩინეს. ინგლისელმა, იაპონელმა და შვეიცარიელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მოწამვლის ეფექტი მუსკიმოლის და იბოთენის მჟავის დამსახურებაა და არა მუსკარინის. ტოქსინებისოკოში ერთნაირად არ არის განაწილებული. ყველაზე მეტი რაოდენობა სოკოს ქუდშია, შედარებით ნაკლები ძირში, ყველაზე ნაკლები კი ფეხში. საკმაოდ ხშირად, სოკოს მიღებიდან 20-90 წუთში, არამეტაბოლიზირებული იბოთენის მჟავას მნიშვნელოვანი ნაწილი მომხმარებლის შარდში გამოიყოფა. იბოთენის მჟავის წმინდა ფორმით მიღებისას, მასში მუსკიმოლის არსებობა არ აღინიშნება, მაგრამ წითელი შხამასოკოს ჭამის შემდეგ გამოყოფილი შარდი მუსკიმოლს შეიცავს.
იბოთენის მჟავა და მუსკიმოლი სტრუქტურულად ერთმანეთთან და ცენტრალური ნერვული სისტემის ორ სხვა ნეიროგადამცემთან არიან დაკავშირებული: გლუტამინმჟავასთან და GABA-რეცეპტორებთან. მუსკიმოლი და იბოთენის მჟავა ძლიერმოქმედი საშუალებებია და ამ ნეიროგადამცემების გააქტიურებას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში, ფსიქოაქტიური ეფექტით სრულდება. ფსიქოაქტიურ ძვრებს ორგანიზმში, ძირითადად, მუსკიმოლი იწვევს.
წითელი შხამასოკოს ევროპულ ნიმუშებში გამოყოფენ კიდევ ერთ ქიმიურ ნაერთს მუსკაზონს. ის იბოთენის მჟავის ულტრაიისფერ რადიაციაზე დაშლით მიიღება. სხვა ნაერთებისგან განსხვავებით, მუსკაზონი დაბალი ფარმაკოლოგიური აქტივობით ხასიათდება. წითელი შხამასოკო და სხვა მონათესავე სახეობები ვანადიუმის ბიოაკუმულატორებიც არიან. სოკოს ზოგიერთ სახეობაში ვანადიუმის 400-ჯერ მეტი კონცენტრაცია გვხვდება, ვიდრე ზოგადად მცენარეებში. ვანადიუმი სოკოებში ქიმიური ნაერთის, ამავადინის სახით ინახება. ამ ნივთიერების აკუმულაციის ბიოლოგიური მნიშვნელობა უცნობია.
სიმპტომები
წითელი შხამასოკოს მიღებით გამოწვეული ეფექტები არაპროგნოზირებადია. იმის მიხედვით, თუ სად გაიზარდა სოკო და რა რაოდენობით მიიღეს ის, შედეგები განსხვავდება და შეიძლება გამოიხატოს გულისრევის შეგრძნებით, თავბრუსხვევით, კრუნჩხვებით, დაბალი წნევით, ოფლდენით, დუჟის დენით, სმენისა და მხედველობითი ფუნქციების ცვლილებით, ხასიათის ცვალებადობით, ეიფორიით, მოდუნებით, ატაქსიით და წონასწორობის დაკარგვით.
სერიოზული მოწამვლის დროს, იწყება ბოდვები, რომელიც ანტიქოლინერგიულ მოწამვლას წააგავს (როგორსაც, მაგალითად ლემა (Datura stramonium) იწვევს) და რომლებსაც თან ახლავს აჟიტირებულობა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, გაღიზიანებადობა და ცენტრალური ნერვული სისტემის პერიოდული დეპრესია. მწვავე შემთხვევების დროს ფიქსირდება გონების დაკარგვა და კომატზურ მდომარეობაში შესვლა. სიმპტომები სოკოს მიღებიდან 30-90 წუთში იწყება და სამი საათის განმავლობაში პიკს აღწევს, თუმცა ზოგიერთი სიმპტომი რამდენიმე დღესაც შეიძლება გაგრძელდეს. უმეტეს შემთხვევებში, 12-24 საათის შემდეგ ადამიანი ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. მოწამვლის ეფექტი ინდივიდუალურია და ერთი და იგივე დოზით გამოწვეული სიმპტომები თითოეული ადამიანისთვის განსხვავდება. ზოგიერთი წყარო სოკოს მიღებიდან 10 საათის განმავლობაში თავის ტკივილს უჩივის. გამოჯანმრთელების პროცესს შესაძლოა თან სდევდეს რეტროგრადული ამნეზია და ძილიანობა.
მკურნალობა
მოწამვლის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მოწამლულს ჩაუტარდეს სამედიცინო დახმარება. თუკი მკურნალობა სოკოს მიღებიდან 4 საათის განმავლობაში დაიწყება, პაციენტს მისცემენ გააქტიურებულ ნახშირს. კუჭის ამორეცხვა ეფექტურია მოწამვლიდან ერთი საათის განმავლობაში. ხელოვნურად გამოწვეული გულისრევა არც ერთი სამედიცინო ინსტიტუტის მიერ აღარ არის რეკომენდებული.
წითელი შხამასოკოთი მოწამვლის დროს არ არსებობს ანტიდოტი და ამ დროს სასურველ ნაბიჯად, ექიმები გახანგრძლივებულ სამედიცინო დახმარებას ასახელებენ. არ არის რეკომენდებული ატროფინი ან ფიზოსტიგმინი, როგორც მუსკიმოლის ანტიდოტები. თუ პაციენტი ბოდავს და აჟიტირებულობის მაღალ დონეს გამოხატავს, როგორც წესი, ამ დროს სიტყვიერი დარწმუნება საკმარისია მის დასამშვიდებლად, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს ფიზიკური დაბმა. წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, აჟიტირებულობა, კუნთების გაძლიერებული აქტივობა და კრუნჩხვები შეიძლება გაკონტროლდეს დიაზეპამის ან ლორაზეპამის სუსტი დოზით, ვინაიდან მაღალმა დოზამ შესაძლოა მუსკიმოლის სუნთქვის გაძნელებითი ეფექტი კიდევ უფრო გაამწვავოს. განმეორებითი გულისრევა იშვიათია, მაგრამ თუ მოხდა, იწვევს გაუწყლოებას და ელექტროლიტური ბალანსის დაკარგვას. შესაძლოა, საჭირო გახდეს ინტრავენური რეჰიდრატაცია და ორგანიზმში ელექტროლიტების შეყვანა. მოწამვლის სერიოზული ფორმები იწვევენ გონების დაკარგვას და კომატოზურ მდგომარებას, რის დროსაც ხდება ინტუბაცია და ხელოვნური სუნთქვის დაწყება. ჰემოდიალიზმა შესაძლოა გაანეიტრალოს ტოქსინები, თუმცა ამ ტიპის სამედიცინო ჩარევას ექიმები არასაჭიროდ მიიჩნევენ. თანამედროვე მედიცინის პროგნოზები წითელი შხამასოკოთი მოწამვლის დროს, როგორც წესი, კეთილსაიმედოა.
ფსიქოაქტიური გამოყენება
სოკოს ფსიქედელური ეფექტების ზოგადი ხასიათი შეიძლება აღიწეროს, როგორც დეპრესანტი, სედატიური, ჰიპნოზური, დისოციაციური, დელირიების გამომწვევი და პარადოქსული. შესაძლოა განვითარდეს აღქმის ფენომენის დარღვევა, მაკროფსია და მიკროფსია. როგორც ჩანს, ეს დაედო საფუძვლად ლუის ქეროლის ზღაპარს “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, თუმცა არ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ლუის ქეროლი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. წითელი შხამასოკოს მოყვანა ვერ მოხდება კომერციული მიზნებისთვის, რადგან ის მიკორიზული სოკოა და დიდი ხეების ფესვებზე იზრდება. ამის მიუხედავად, 2006 წელს დიდ ბრიტანეთში ფსილოციბინი სოკოების არალეგალურად გამოცხადების შემდეგ, იმ დროისთვის ჯერ კიდევ ლეგალური წითელი შხამასოკოს გაყიდვები გაიზარდა.
ცნობილმა ლიტველმა ისტორიკოსმა და პროფესორმა, მარია გიმბუტასმა, გორდონ ვასონს წითელი შხამასოკოს ლიტვაში გამოყენების თაობაზე აცნობა. ლიტვის გარეუბნებში წითელ შხამასოკოს საქორწილო წვეულებებზე არაყში ურევენ. გიმბუტასმა ისიც აღნიშნა, რომ შამანური რიტუალებისთვის ხდება სოკოს შემოტანა შორეული ჩრდილოეთიდან. ლიტვური დღესასწაულები ერთადერთი ადგილია აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ვასონს წითელი შხამასოკოს გამოყენების შესახებ ცნობები მოეპოვება.
ციმბირი
წითელი შხამასოკო ციმბირის ხალხების მიერ გამოიყენებოდა, როგორც ენთეოგენური საშუალება. მისი გამოყენაბა ცნობილი იყო რუსეთის დასავლეთიდან შორეულ აღმოსავლეთამდე. არსებობს ცალკეული ცნობები, რომ დასავლეთ ციმბირში სოკოს მხოლოდ შამანები მოიხმარდნენ, როგორც ტრანსში შესასვლელ ალტერნატიულ საშუალებას (როგორც წესი, ციმბირის ხალხი ტრანსის მისაღწევად, ხანგრძლივ დოლისცემას და ცეკვას იყენებდა). აღმოსავლეთ ციმბირში წითელ შხამასოკოს შამანების გარდა ჩვეულებრივი ადამიანებიც მოიხმარდნენ და რელიგიურთან ერთად რეკრეაციული დატვირთვაც ჰქონდა. ამ რეგიონში შამანი შეჭამდა სოკოს, მის შარდს კი ხალხი დალევდა. შარდი კვლავ შეიცავდა ფსიქოაქტიურ ელემენტებს მაგრამ სოკოს უარყოფითი ეფექტებს, მაგალითად, ოფლიანობას და კრუნჩხვებს არ იწვევდა. შამანი, ამ შემთხვევაში ერთგვარ ფილტრს წარმოადგენდა.
აღმოსავლეთ ციმბირის ხალხებში შემორჩენილია ამბავი, როგორ მიჰქონდა წითელ შხამასოკო ნაჭამ ყორანს სახლში ნანადირევი ვეშაპი. ამბავი გვიყვება, რომ ოდესღაც ვაჰინინმა (არსებობის დასაბამი) დედამიწაზე გადმოაფურთხა. მისი ფურთხისგან გაჩნდა წითელი შხამასოკო, რომელსაც ნერწყვმა ქუდზე თეთრი კოპლები გაუჩინა. ამ სოკოს ჭამის შემდეგ განცდილი ძალით ყორანი ისე აღფრთოვანდა, რომ უსურვა სოკოს გაზრდილიყო სამარადისოდ, რათა ხალხს მისგან სიბრძნე გადასცემოდათ. აქვე ამბობენ, რომ ღარიბი ხალხი მდიდრების შარდს სვამდა, რომლებსაც სოკოს ყიდვის და ჭამის საშუალება ჰქონდათ.
გამოყენების სხვა მეთოდები
ფინელი ისტორიკოსი თ. ი. იტკონენი აღწერს, რომ წითელი შხამასოკო ფინეთის ქალაქ ინარიში მცხოვრები საამი ხალხი შვიდწერტილიან შხამასოკოს ჭამდა. 1979 წელს საიდ გოლამ მოჩთარმა და ჰართმუტ გირკენმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს ტრადიცია, რომლითაც ავღანეთის ერთ-ერთი ეთიკური ჯგუფი წითელ შხამასოკოს სამკურნალო და რეკრეაციული მიზნებისთვის იყენებდა. არსებობს აგრეთვე წითელი შხამასოკოს გამოყენების დაუზუსტებელი ჩანაწერები ამერიკელი ინდიელების ორ სუბარქტიკულ ტომში. ეთნობოტანისტი ოჯაბვეს ტომიდან, კ. პეშელი თავისი ხალხის მიერ შხამასოკოს გამოყენებაზე საუბრობს და ამბობს რომ იქ სოკოს მისკუედოს (miskwedo) სახელწოდებით იცნობენ. ვასონმა ეს ინფორმაცია ენთუზიაზმით გაიზიარა, თუმცა რაიმე დამატებითი დასაბუთება არ ჰქონია. ერთ-ერთი ევრო-ამერიკული წყაროს ცნობით, მან წითელი კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე მცხოვრები ტლიჩოს ეთნოლინგვისტური ჯგუფის მიერ შხამასოკოს ტრადიციულ გამოყენებაში მიიღო მონაწილეობა.
ვიკინგები
მოსაზრება, რომ ვიკინგები ბერსერკერის (berserker) აგრესიულობას წითელი შხამასოკოს საშუალებით აღწევდნენ, პირველად შვედმა პროფესორმა, სამუელ ოდმანმა 1784 წელს გააჟღერა. ოდმანმა ეს თეორია ციმბირელი შამანების შესახებ ჩანაწერებზე დაყრდნობით შექმნა. ეს ვარაუდი მე-19 საუკუნიდან ფართდ გავრცელდა, თუმცა თანამედროვე წყაროები ბერსერკერების აღწერის დროს, წითელ შხამასოკოს ან რაიმე მსგავსს არ მოიხსენიებენ. მუსკიმოლი, როგორც წესი, მსუბუქი მომადუნებელი საშუალებაა, თუმცა სხვადასხვა ორგანიზმში მას სხვადასხვა ეფექტის გამოწვევა შეუძლია. შესაძლებელია, რომ მისმა მიღებამ ადამიანი სიბრაზით აავსოს, ნევროზული შოკი მოჰგვაროს, დაასევდიანოს, გაამხიარულოს, ან ცეკვისა და სიმღერის ხასიათზე დააყენოს.
მწერების მახე
წითელ შხამასოკოს, სავარაუდოდ, მასში შემავალი იბონეთის მჟავისა და მუსკიმოლის დახმარებით, ტრადიციულად გამოიყენებენ მწერების დასაჭერად. სლევენიაში, ამ მიზნით გამოყენებისათვის სოკოს მომზადების 7 მეთოდი იქნა შესწავლილი და აღმოჩნდა, რომ იბონეთის მჟავისა და მუსკიმოლის სწრაფი ექსტრაქტაცია დამოკიდებულია არა გამხსნელზე (რძე ან წყალი), არამედ თერმულ და მექანიკურ პროცესზე.
რელიგიური დატვირთვა
1968 წელს გორდონ ვასონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ წითელი შხამასოკო იყო ის სომა (რიტუალური სასმელი), რაზეც ინდოეთის ვედაში (წმინდა წინგში) საუბრობდნენ. ამ მოსაზრებამ ფართო გამოხმაურება და მხარდაჭერა მოიპოვა, მით უფრო იმიტომ, რომ ვასონმა შემდეგნაირად დაასაბუთა თავისი ვარაუდი: სომას აღწერის დროს წიგნში არ არის საუბარი ფესვებზე, ღეროზე ან თესლზე, რაც საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ სომა სოკოსგან მზადდებოდა. გარდა ამისა, ნახსენებია ეპითეტები “თვალისმომჭრელი” და “ალმოდებული”, რაც, ვასონის ინტერპრეტაციით, წითელ ფერზე მიგვანიშნებს. წიგნში ერთი ეპიზოდი აღწერს კაცს, რომელიც სომას შარდავს, რაც გვახსენებს ციმბირში არსებულ შარდის რეცირკულაციის პრაქტიკას. წიგნში სომა მთიდან მორთმეულ სასმელად სახელდება, რაც ვასონის განმარტებით იმას ნიშნავს, რომ წითელი შხამასოკო ინდოეთში ჩრდილოეთიდან არიელმა დამპყრობლემბა შეიტანეს. ინდოელი მკვლევარები, სანტოშ კუმარ დაში და საჩინანდა პადჰი, აღნიშნავენ, რომ სოკოების ჭამაც და შარდის დალევაც, მანუს კანონების (Manusmṛti) მიხედვით, აკრძალული პრაქტიკა იყო. 1971 წელს ვედის მკვლევარმა ქემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ჯონ ბროუმ, უარყო ვასონის თეორია და განაცხადა, რომ წიგნში გამოყენებული ტერმინები ძალიან ბუნდვანია იმისთვის, რომ წითელ შხამასოკოსა და სომას შორის კავშირი დავადგინოთ. ანთროპოლოგმა პიტერ თ. ფურსტმა თავის 1976 წლის კვლევაში, “ჰალუცინოგენები და კულტურა”, შეაფასა ფაქტები იმის თაობაზე, თუ რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ წითელი შხამასოკო სომაში შემავალ ინგრედიენტად და საბოლოო დასკვნა ფრთხილად, მაგრამ მაინც ამ მოსაზრების სასარგებლოდ გააკეთა.
ქრისტიანობა
ფილოლოგი, არქეოლოგი და მკვდარი ზღვის მანუსკრიპტების მკვლევარი, ჯონ მარკო ალეგრო თავის 1970 წლის წიგნში, “წმინდა სოკო და ჯვარი” ამტკიცებდა, რომ ადრეული ქრისტიანული თეოლოგია სათავეს იღებს ფერტილური კულტიდან, რომელიც წითელი შხამასოკოს თეოლოგიური გამოყენების ტრადიციის ირგვლივ განვითარდა. ამ თეორიამ დიდი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა ეთნომიკოლოგიის სფეროს გარეთ. წიგნი დისკრედიტირებულ იქნა აკადემიურ და რელიგიურ წრეებში, მათ შორის ოქსფორდის უნივერსიტეტის სემიტური ფილოლოგიის პროფესორის, სერ გოდფრი დრაივერის და ოქსფორდის ქრისტეს ეკლესიის დეკანის, ჰენრი ჩედვიკის მიერ. 1970 წელს ქრისტიანმა ავტორმა ჯონ ქინგმა, თავის წიგნში, “ქრისტიანული შეხედულება სოკოს მითებზე”, ალეგროს თეორიის დეტალური კონტრარგუმენტაცია წარმოადგინა. მისი მტკიცებით, არც წითელი შხამასოკო და არც მისი მასპინძელი ხეები არ ხარობენ შუა აღმოსავლეთში. ქინგი ასევე საუბრობს იმ კავშირის უმნიშვნელობაზე, რომელიც ალეგრომ ბიბლიურ და შუმერულ სახელებს შორის იპოვა. ქინგი თვლის, რომ თუ ალეგროს თეორია სწორია, მაშინ ეს “მსოფლიოში ყველაზე კარგად შენახული საიდუმლოა”, რომელიც ორი ათასი წლის განმავლობაში არ გამოვლინდა.
კულინარიული გამოყენება
წითელ შხამასოკოში შემავალი ტოქსინები წყალში ხსნადია. წვრილად დაჭრილი და ბევრ წყალში კარგად მოხარშული სოკო მომწამვლელ თვისებებს ჰკარგავს. მისი, როგორც საკვებად ვარგისი სოკოს, ფართოდ გავრცელება არ მომხდარა, მაგრამ შხამგამოცლილ სოკოს მირთმევა, მე-19 საუკუნისთვის და უფრო ადრეც კი, ევროპის სხვადასხვა ნაწილში (განსაკუთრებით რუსეთის ციმბირში) მიღებული პრაქტიკა იყო. გერმანელმა ფიზიკოსმა და ნატურალისტმა, გორგ ჰაინრიხ ვონ ლენგსდორფმა 1823 წელს გამოაქვეყნა შხამასოკოს დეტოქსიფიკაციის მეთოდები. მე-19 საუკუნის ბოლოს, ფრანგი ფიზიკოსი ფელიქს არქიმედ პუშეტი შხამასოკოს საკვებად გამოყენების პოპულარიზაციას ეწეოდა და მას სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში არსებული საკვების მნიშვნელოვან წყაროს, მანიჰოტს (manioc) ადარებდა, რომელსაც გამოყენებამდე შხამს აცლიან.
შხამასოკოს საკვებად გამოყენება ჩრდილოეთ ამერიკაშიც ხდებოდა. ამერიკელი ბოტანიკოსი ფრედერიკ ვერნონ ქოვილი აღწერს აფრიკელი-ამერიკელის მიერ შხამასოკოთი ვაჭრობას, მე-19 საუკუნეში ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქში. ამ შემთხვევაში, სოკო მოთუშვისა და ძმარში ჩალბობის მერე, სტეიკზე წასასმელ საწებლად გამოიყენებოდა. წითელ შხამასოკოს ნაწილებად მიირთმევენ იაპონიაშიც. ყველაზე კარგად ნაცნობი, თანამედროვე გამოყენება დღეისათვის იაპონიაში, ნაგანოს პრეფექტურაში ხდება, სადაც წითელ შხამასოკოს უბრალოდ დამარილებულ და დამარინადებულ მდგომარეობაში მიირთმევენ.
2008 წელს, ისტორიკოს უილიამ რუბელისა და მიკოლოგ დევიდ არორას მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში, წითელი შხამასოკოს, როგორც საკვებად ვარგისი სოკოს ისტორიაზე და მისი დეტოქსიფიკაციის მეთოდებზეა საუბარი. ავტორები ემხრობიან სოკოს საკვებად გამოყენებას, თუმცა იქვე აღწერენ მისი შხამისგამოცლის მეთოდებს. მათი აზრით, წითელი შხამასოკოს საკვებად უვარგის კატეგორიაში გაყვანა კულტურული ტენდენციის შედეგია, იმის გათვალისწინებით, რომ სოკოს რამდენიმე სხვა სახეობა, მაგალითად ფაფახა სოკო (morels), შხამიანია, თუ არ მოხდა მისი სპეციფიკური წესით მომზადება.
სამართლებრივი სტატუსი
ავსტრალია
ავსტრალიაში მუსკიმოლი კლასიფიცირებულია, როგორც კონტროლირებადი ნივთიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოება, ფლობა, გაყიდვა ან მოხმარება კანონით ისჯება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ხდება მეცნიერული კვლევის, ანალიტიკური, სასწავლო ან სავარჯიშო მიზნებისთვის. ამ შემთხვევებს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუციები ამტკიცებენ.
ნიდერლანდები
2008 წლიდან არალეგალურია წითელი შხამასოკოს და თავჭედილა სოკოს შეძენა, გაყიდვა და მფლობელბაში ქონა. 0.5 გრამზე მეტი გამხმარი და 5 გრამზე მეტი ახალი სოკოს ფლობა კრიმინალურ სასჯელს ითვალისწინებს.
გაერთიანებული სამეფო
2016 წლის 26 მაისს ძალაში შესული ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა შესახებ კანონის თანახმად, არალეგალურად ითვლება მუსკიმოლის წარმოება, მიწოდება და იმპორტი.
კულტურული სიმბოლიკა
წითელ, თეთრკოპლებიან ქუდა სოკოს თანამედროვე კულტურის ბევრ ასპექტში მოეძებნება გამოყენება. ბაღის ორნამენტებზე და საბავშვო წიგნებში ხშირად შეხვდებით წითელ შხამასოკოს, როგორც ჯუჯებისა და ფერიების სახლს, ან სკამს. წითელი შხამასოკო მხატვრობაში რენესანსის პერიოდიდან გვხვდება, თუმცა მსუბუქი ფორმით. ვიქტორიულ პერიოდში სოკო უფრო ვიზუალური გახდა და ზოგიერთი ნახატის მთავარი თემატიკა გახდა. სოკოს ორი ყველაზე პოპულარული გამოყენება ვიდეოთამაშ “სუპერ მარიოში” და 1940 წლის დისნეის ანიმაციურ ფილმ “ფანტაზიაში” მოხდა.
ლიტერატურა
ფილიპ ვონ სტრალენბერგის ციმბირში მოგზაურობა და მუხამორების მიერ წითელი შხამასოკოს გამოყენება ინგლისურ ენაზე 1736 წელს გამოქვეყნდა. მასში აღწერილ პრაქტიკას, სოკოს ჭამისა და მისი მოშარდვის შემდეგ, შარდის დალევის შესახებ, მიმოიხილავს 1762 წელს გამოცემული ანგლო-ირლანდიელი მწერლის, ოლივერ გოლდსმიტის წიგნი “მსოფლიოს მოქალაქე”. ამ დრისთვის შხამასოკოს “ბუზების მახე” (fly agaric) ერქვა. ბევრი სხვა ავტორი, მათ შორის მორდეკა კუბიტ კუკი, თავის წიგნში “ძილის შვიდი დობილი და ბრიტანული სოკოს მარტივი აღწერა”, სოკოს მოწამვლით გამოწვეულ სიმპტომებს შორის, საგნების არარეალურად შეცვლილ ზომას და აღქმის შესუსტებას ასახელებს. მსგავსი აღწერები უდევს საფუძვლად 1865 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობას “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”. ჰალუცინოგენი წითელი ქუდა სოკო, ჩარლზ კინგსლის 1866 წლის ნოველის “მღვიძარე ჰერევარდი”, მთავარი ელემენტია. ტომას პინჩონის 1973 წლის ნოველა “მიზიდულობის ცისარტყელა”, წითელ შხავასოკოს “გამანადგურებელი ანგელოზების” მონათესავეს უწოდებს და დეტალურად აღწერს, თუ როგორ ამზადებს ნოველის პერსონაჟი ორცხობილის ცომს მოკრეფილი წითელი შხამასოკოსგან. სოკოს როლს შამანიზმში მიმოიხილავს ალან გარნერი თავის 2003 წლის მოთხრობაში “Thursbitch”.